„გვირგვინი“ (The Crown, 2016, პიტერ მორგანი) – ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, რომლის გარდაცვალებით მთელი ეპოქა დასრულდა, არა მხოლოდ ყველაზე ხანდაზმული, არამედ ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.
დედოფალი, რომელმაც ერთის მხრივ, თავშეკავებით და დიპლომატიით, მეორეს მხრივ, მამაცობითა და გამბედაობით მოიპოვა ხალხის ნდობა და პატივისცემა, დიდი ხანია ბრიტანეთის სიამაყედ და მთავარ სიმბოლოდ ითვლება. რა თქმა უნდა, ელისაბედის ცხოვრებითა და მოღვაწეობით ყოველთვის ინტერესდებოდა პრესა, თუმცა ჟურნალისტებს არც რეჟისორები ჩამორჩნენ, რომელთაც საკუთარი ნამუშევრებში სცადეს ცნობილი პერსონის პორტრეტის შექმნა. მრავალრიცხოვან კინემატოგრაფისტებს შორის აღმოჩნდა ბრიტანელი დრამატურგი და სცენარისტი პიტერ მორგანიც, რომელმაც 2006 წელს სტივენ ფრირზის დრამის „დედოფლის“ სცენარზე იმუშავა, 10 წლის შემდეგ კი, მეტად შთამბეჭდავი ტელენოველა „გვირგვინი“ შექმნა.
ბაიოპიკმა სწრაფად, პრაქტიკულად პირველივე სერიების გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან რიგით ობივატელს იშვიათად ეძლევა მონარქთა პირადი ცხოვრების გაცნობის და მსოფლიო პოლიტიკის კულისებში შეხედვის შესაძლებლობა, მით უფრო, რომ „გვირგვინის“ მრავალრიცხოვან პერსონაჟებს შორის მე-20 საუკუნის ისეთმა წამყვანმა ფიგურებმა მოიყარეს თავი, როგორიც უინსტონ ჩერჩილი და მარგარეტ ტეტჩერია. შთამბეჭდავია სერიალის ქრონოლოგიაც, რომელიც, 1947 წელს პრინცესა ლილტების ნიშნობით იწყება, თანამედროვე ეპოქამდე გრძელდება და დედოფლის 70-წლიან მმართველობას აერთიანებს.