ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ პოლიციის მიერ დაკავებული ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიონ.
„პირველივე შესაძლებლობისთანავე დავუკავშირდი მის ოჯახს და დავარწმუნე, რომ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ ინციდენტის გამოძიებას. ჩვენი მთავარი საზრუნავი თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაა“, - აღნიშნა რაისიმ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. გოგონა „ზნეობის პოლიციამ“ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. პოლიციაში აცხადებენ, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ ჰქონია. უფლებადამცველი ჯგუფები შიშობენ, რომ ექვსდღიან საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა.