ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. „რეფერენდუმები“ დღეს იწყება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობას „რეფერენდუმის“ მხოლოდ ერთ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა: „მხარს უჭერთ თუ არა რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი სამი კითხვა იქნება დასმული : „გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“
ე.წ. „რეფერენდუმები“ 27 სექტემბერამდე გაგრძელდება.
რუსული მედიის ცნობით, ე.წ. „საარჩევნო უბნები“ რუსეთშიც გაიხსნება, ვინაიდან დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და რუსეთში გადასულიყვნენ.
ამასთან, ნატო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ნაწილებში რეფერენდუმის ჩატარების გეგმებს.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას უკრაინის რეგიონებში, რომლებსაც ნაწილობრივ რუსი სამხედროები აკონტროლებენ“, - ნათქვამია სამხედრო ალიანსის განცხადებაში.
ნატო აღნიშნავს, რომ მოკავშირეები არ აღიარებენ და არც არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას.