გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო წესრიგის „ჩვენს თვალწინ ნაკუწებად ქცევაში“ დაადანაშაულა.
როგორც ბლინკენმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა „ცეცხლს ნავთი“ დაასხა მობილიზაციის გამოცხადებითა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რეფერენდუმების“ დაგეგმვით.
აშშ-ის პირველი დიპლომატის განცხადებითვე, პუტინმა პასუხი უნდა აგოს მის ქმედებებზე.
ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ „არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს სხვისი საზღვრები“.
„თუ ჩვენ ვერ დავიცავთ ამ პრინციპს, როდესაც კრემლი ასე უხეშად არღვევს მას, აგრესორებს ყველგან ვუგზავნით გზავნილს, რომ მათაც შეუძლიათ მისი იგნორირება” - დასძინა ბლინკენმა.