რუსებმა ზაპოროჟიესა და მის გარეუბნებში ცხრა რაკეტა გაუშვეს, მათ დაარტყეს ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს, ელექტრო ქვესადგურსა და სატელევიზიო ანძას, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა.
„ზაპოროჟიესა და გარეუბნებს ცხრა რაკეტა ესროლეს. რუსმა არაადამიანებმა რაკეტა ესროლეს ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა“, - წერს ტიმოშენკო.
მისი თქმით, მაშველები ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების ამოსაყვანად მუშაობენ.
ტიმოშენკოს ინფორმაციით, რაკეტები სატელევიზიო ანძასა და ელექტრო ქვესადგურსაც მოხვდა, რის გამოც ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.