ბათუმი აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი აღსრულების პროცესში ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხებს განიხილავს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი, მმართველი საბჭოს წევრები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები ესწრებიან. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სააღსრულებო სისტემაში უკვე დანერგილი ელექტრონული სერვისები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მინისტრმა აღსრულების ახალი კოდექსის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემდეგ სააღსრულებო სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.