ტედ ტერნარი - წარმატებული პროდიუსერი და მედიამაგნატი, ფლეიბოი და ფილანთროპი, საიალქნო რეგატის მრავალგზის გამარჯვებული და ამერიკის თასის მფლობელი, ჟურნალ Time-ის „წლის ადამიანი“ და „თანამედროვეობის ყველაზე ოდიოზური ბიზნესმენი“ - სწორედ ასე ახასიათებენ ტედ ტერნერს - მსოფლიოში პირველი 24-საათიანი საინფორმაციო არხის CNN-ის შემქმნელს, რომელმაც ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მასობრივი ინფორმაციის სფეროში და ახალი, სრულიად განსხვავებული სტანდარტების დამკვიდრებით შექმნა თანამედროვე ტელევიზია.
თუმცა, ენთუზიაზმით და თამამი გადაწყვეტილებით ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც მთელი ცხოვრება პრინციპით, „გამიძეხი, გამომყევი ან გზიდან ჩამომეცალე!“ ხელმძღვანელობდა, მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და ჯერ სპორტული ასპარეზობა „კეთილი ნების თამაშები“ დააფუძნა, მერე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქველმოქმედო ფონდს ჩაუდგა სათავეში, რომელსაც 1 მილიარდი დოლარი უსახსოვრა. ამასთანავე, ტერნერი თომას ჯეფერსონის ფონდის და საკუთარი ვარსკვლავის მფლობელია ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
რობერტ ედვარდ ტერნერ მესამე 1938 წლის 19 ნოემბერს დაიბადა ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში სარეკლამო მაგნატის, კომპანიის Turner Outdoor Advertising-ის მფლობელის რობერტ ედვარდ ტერნერ მეორეს ოჯახში, რომელმაც ბილბორდებისა და სარეკლამო აბრების წარმოებით დააგროვა სოლიდური კაპიტალი.
თვინიერი და ნაკლებად ჭირვეული ტედი, რომელიც არასდროს აწუხებდა მშობლებს საკუთარი მოთხოვნებით, 6 წლის ასაკში სრულიად მარტო დარჩა, რადგან მამა სამხედრო-საზღვაო ფლოტში ჩაეწერა, დედა უფროს ქალიშვილთან ერთად მის სამხედრო ბაზასთან ახლოს დასახლდა, დახურულ სკოლაში მიბარებული ბიჭუნა კი, ყველასგან მიტოვებული, აბსოლუტურად უცხო გარემოში აღმოჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ტერნერები ჯორჯიას შტატში, ქალაქ სავანაში გადაბარგდნენ, ტედი კი, Georgia Military Academy-ში გაამწესეს, საიდანაც მაკკალის სკოლა-ინტერნატში გადაინაცვლა, თუმცა სასწავლებელი, რომელმაც ხარისხიან განათლებასთან ერთად მკაცრი დისციპლინითაც გაითქვა სახელი, კოორდინაციის პრობლემებით და ოჯახის მონატრებით გატანჯული ტედისთვის ნამდვილ სასჯელად იქცა.
მართალია, მცირეწლოვანი ტერნერი მეტ-ნაკლებად სტაბილურად სწავლობდა, მაგრამ სპორტული მიღწევებით მაინც ვერასდროს დაიკვეხნიდა, ამიტომ ხშირად განიცდიდა თანატოლების დამცირებას, რომლებიც არც ფიზიკურ ძალადობას ერიდებოდნენ. ტედის ერთადერთ შვებად ლიტერატურა, განსაკუთრებით ისტორიული რომანები იქცა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ლეგენდარული მხედართმთავრების ალექსანდრე მაკედონელის, ჰუნების ბელადის ატილას და გენერალ ჯორჯ პატონის მსგავსად ერთ მშვენიერ დღეს თვითონაც მოიპოვებდა აღიარებას.
სკოლის მკაცრი წესებით დათრგუნულ ტედის არც მამა ინდობდა თავისი სასტიკი აღმზრდელობითი მეთოდებით. მართალია, უფროსი ტერნერი შვილს გრანდიოზული მიზნების დასახვას და სირთულეების დაძლევას ასწავლიდა, მაგრამ აღზრდის ერთადერთ მეთოდად მაინც ფიზიკური სასჯელი მიაჩნდა, რომელსაც ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში მიმართავდა. მცირეწლოვან ტერნერს არც გართობის დრო ჰქონდა, არც ტრადიციულ საბავშვო თამაშებში მონაწილეობის უფლება, მით უფრო, რომ 9 წლისა ჩაება საიალქნო სპორტში და პირველად მიიღო მონაწილეობა პროფესიონალურ რეგატაში.
სკოლის დასრულების შემდეგ ტედმა ბრაუნის უნივერსიტეტში ჩააბარა ანტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, რომელიც უძველესი საბერძნეთის და რომის ისტორიას, კლასიკურ ფილოსოფიას, არქეოლოგიას და სხვა მონათესავე დისციპლინებს აერთიანებდა, თუმცა მამის რისხვა დაიმსახურა და პროფესიის იძულებით შეცვლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე გადაინაცვლა. ტერნერი ნაკლები ენთუზიაზმით შეუდგა სწავლას და თუ მოზარდობაში მთელ დროს წიგნებსა და იახტებს უთმობდა, სიყმაწვილეში ხმაურიანმა წვეულებებმა, ალკოჰოლურმა სასმელმა, სარისკო ავანტიურებმა გაიტაცა და ერთ წელიწადში დარღვევების იმდენად გრძელი ნუსხა შეადგინა, რომ საერთო საცხოვრებლის ოთახში მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჭერის შემდეგ საერთოდ გარიცხეს სასწავლებლიდან, თუმცა, ტედმა ნაკლებად განიცადა უნივერსიტეტის დატოვება, რადგან ბუნტისთავისთვის, რომელიც არასდროს ცნობდა სხვის წესებს და ყოველთვის თავად განაგებდა საკუთარ ცხოვრებას, მთავარი თავისუფლება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება იყო. სხვათა შორის, 1989 წელს ბრაუნის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მაინც მიანიჭა ტერნერს ბაკალავრის საპატიო ხარისხი.