ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს. პროკურატურა ნარსიას მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების პოზიცია, ამ ეტაპზე უცნობია.
ნარსია ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატებმა გუშინ მოინახულეს.
უფლებადამცველები აცხადებენ, დაკავებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რასთან დაკავშირებითაც, ისინი ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვენ. ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი არ გამორიცხავს, გრიგოლ ნარსიას მიმართ კიდევ ერთი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვოს.
ადვოკატის თქმით, ბანკში შეჭრის მიზეზი დაკავებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის. ბაბუნაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მძევლების აყვანა დაგეგმილი არ ჰქონდა. ადვოკატის თქმითვე, მას შემდეგ, რაც ნარსიამ სალაროში ფული მოითხოვა და სამართალდამცავები მივიდნენ, ის იძულებული გახდა, მძევლები აეყვანა.
ცნობისთვის, 20 სექტემბერს, ქუთაისში, 38 წლის გრიგოლ ნარსია, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა, ის 2 მლ დოლარს ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.