საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი, ავთანდილ ცინცაძე, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, ფედერაციის წინაშე დამდგარ „ძალიან დიდ პრობლემებზე“ საუბრობს.
ცინცაძის განცხადებით, მიმდინარე წელს სამბოს ფედერაციას სამინისტროსგან დაფინანსება არ მიუღია და სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე საკუთარი ფინანსური სახსრებით მიემგზავრებიან.
„პალიტრანიუსთან“ საუბრისას ცინცაძე ამბობს, რომ დაფინანსების შეწყვეტა სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რაც ყოველგვარი განმარტების გარეშე მოხდა. როგორც ის აღნიშნავს, სამინისტროს ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი, სამბოს ფედერაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზზე არ საუბრობს და ფედერაციის ხელმძღვანელს აიგნორებს.
სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი დასძენს, რომ არამარტო სამბო, არამედ, ზოგადად, ქართული სპორტი ძალიან დიდი პრობლემების წინაშეა.
შეგახსენებთ, რომ სამბოში ევროპის ჩემპიონატზე პირადი თანხებით მხოლოდ 5 ქართველი სპორტსმენია გაემგზავრა, მათგან ოთხმა კი საპრიზო ადგილი დაიკავა.