დინამო ბათუმიდან ბორდოში იჯარით გადასულ ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთში იდეალური დებიუტი გამოუვიდა. ლიგა 2-ის მე-9 ტურის მატჩში დიჟონთან ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა. ამჟამად 21 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზეა გამოძახებული. სამშობლოში წამოსვლამდე დავითაშვილი კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა. ინტერვიუ კი ბორდომ ახლახანს გამოაქვეყნა.
"ბორდო ძალიან ცნობილი კლუბია, ვუყურებდი საფრანგეთის ჩემპიონატს და ამიტომაც გადავწყვიტე აქ მოსვლა. ვიცი, რომ ეს გუნდი საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონია. ასევე ვიცი, რომ ამ კლუბში თამაშობდა ზინედინ ზიდანი და ამ ყველაფერმა მიბიძგა კონტრაქტის გაფორმებისკენ. ვთამაშობ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. თამაში ასევე შემიძლია ცენტრში და მარჯვნივაც, თუმცა მარცხენა ფრთაზე მოქმედებას ვამჯობინებ. ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე დავიხარჯები, რათა კიდევ უფრო უკეთესი გავხდე, ჟირონდელებს გამარჯვებებისა და ქულების მოპოვებაში დავეხმარო. ჩემი მიზანია კარგად ვითამაშო, გავახაროთ გულშემატკივრები და გუნდი ლიგა 1-ში დავაბრუნოთ. აქ უმაღლესი დონის პირობებია და ძალიან მომწონს. ჯერჯერობით ფრანგულად ვერ ვლაპარაკობ და ყველაფერი არ მესმის, მაგრამ თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან, როგორც მოედანზე, ისე - მის გარეთ. ვიწყებ ფრანგული ენის შესწავლას. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ ბედნიერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გულშემატკივრები ჩემით კმაყოფილები იყვნენ", - ამბობს ზურიკო.