ირანში, ოთხშაბათს, ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ინტერნეტი ხარვეზებით მუშაობს.
ამის შესახებ Associated Press იუწყება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მობილური ტელეფონებიდან ინტერნეტზე წვდომა არ შეუძლია, რამდენიმე სოციალური ქსელი არ მუშაობს.ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ისა ზარეპურმა ოთხშაბათს აღნიშნა, რომ ინტერნეტთან წვდომის გარკვეული შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო".
მან არ დააკონკრეტა რა კონკრეტულ შემაკავებელ ზომებზე შეიძლება საუბარი.
სააგენტოს ცნობით, ირანში ოთხშაბათს საპროტესტო აქციები გრძელდება, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ ჰქონია. ამინის ახლობლები ასევე აღნიშნავენ, რომ ცხედრის ნახვის ნებართვა ვერ მიიღეს.