აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარეობს ,,არასაჭირო“ ომი, რომელიც ერთმა კაცმა, ვლადიმერ პუტინმა აირჩია. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ,,პუტინმა რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა“ სცადა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმა ცრუ რეფერენდუმების ჩატარების შესახებ გაეროს წესდების პრინციპების დარღვევაა.
,,პუტინმა „უსირცხვილოდ დაარღვია“ გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები და უბრძანა თავის ჯარებს შეჭრილიყვნენ უკრაინაში. პირდაპირ და მარტივად, ეს ომი უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების გაქრობას ემსახურება. სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ ... ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ“ , - განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, სხვა ქვეყანას „არ შეუძლია ერის ტერიტორიის ძალით წართმევა“.
,,პუტინი ირწმუნება, რომ მას ასე უნდა ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ არავინ დამუქრებია , რუსეთის გარდა კონფლიქტს არავინ ცდილობდა“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
,, უკრაინას აქვს იგივე უფლებები, რაც ყველა სუვერენულ ერს ეკუთვნის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“, - დასძინა მან.