უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ბოლო თვე მობილიზაციას ატარებდა, თუმცა ამის მიუხედავად, მისი ქვედანაყოფები გარბიან. ამის შესახებ მან გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, პუტინმა უკვე მოახდინა ნაწილობრივი მობილიზაცია, თუმცა მხოლოდ ახლა გამოაცხადა ამის შესახებ.
მისი თქმით, პუტინის გამოსვლაში მისთვის ახალი არაფერი ყოფილა.
“ჩვენმა სპეცსამსახურებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უკვე თქვეს ამის შესახებ. მთელი ბოლო თვე ის მობილიზაციას ატარებდა”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს ოფიცრებისა და სხვა სამხედრო პერსონალის პრობლემები აქვს.
“ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ კურსანტების მობილიზაცია მოახდინეს - ბიჭების, რომლებსაც ბრძოლა არ შეეძლოთ. ეს კურსანტები დაიღუპნენ. მათ სწავლის დამთავრებაც ვერ მოახერხეს. ყველა ამ ხალხს ომი არ შეუძლია. ისინი მოვიდნენ ჩვენთან და იღუპებიან… მას მრავალმილიონიანი ჯარი სჭირდება, რომ ჩვენთან მოვიდეს, ვინაიდან ხედავს, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი მათგან, ვინც ჩვენთან მოდის, უბრალოდ გარბის. მას უნდა უკრაინა სისხლში დაახრჩოს, კერძოდ კი, საკუთარი ჯარისკაცების სისხლში”, - განაცხადა ზელენსკიმ.