ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. სებ-ის ცნობით, SEPA-ში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროგადახდების სივრცეში გაერთიანების განაცხადი შეიტანა. აპლიკაციის მომზადებისას ეროვნული ბანკის გუნდი, სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან ერთად, აქტიურად მუშაობდა.
როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, „SEPA პროექტის მიზანია, ევროპის მასშტაბით, ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი, სტანდარტიზებული სისტემის შექმნა. ის აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის. შესაბამისად, მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს, ევროში ელექტრონული გადახდები განახორციელონ ერთი და იმავე ძირითადი პირობებით, ერთსა და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ ქვეყანაში იმყოფებიან ისინი.