ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ვუდი ალენი ფიქრობს, რომ ფილმების გადაღებას თავი დაანებოს. თუმცა, რეჟისორის წარმომადგენლის თქმით, ეს კარიერის დასრულებას არ ნიშნავს.
"თქვა, რომ ფიქრობს, ფილმების გადაღება შეწყვიტოს, რადგან არ მოსწონს, როცა კინოსურათები პირდაპირ და ძალიან სწრაფად ხვდება სტრიმინგ პლატფორმებზე", — ამბობს იგი, — "ის კინოთეატრში მიღებული გამოცდილების დიდი მოყვარულია".
86 წლის ალენი ამჟამად თავისი 50-ე ფილმის გადასაღებად ევროპაში იმყოფება. რეჟისორის ახალ კინოსურათში, რომელიც მთლიანად ფრანგულ ენაზე იქნება, მოქმედება პარიზში ვითარდება. შესაბამისად, გადაღებებიც ევროპაში დაიგეგმა მომდევნო კვირების განმავლობაში. ალენის თქმით, ეს ფილმი "აღმაფრთოვანებელი, დრამატული და ძალიან ავბედითი განცდის მატარებელი იქნება".
პროფესიულ ცხოვრებაში სიახლეების მიუხედავად, ალენის სახელი ბოლო წლებში სულ სხვა კონტექსტში ისმოდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში რეჟისორი შვილობილზე, დილან ფეროუზე, ძალადობაში დაადანაშაულეს. მია ფეროუმ და ვუდი ალენმა იგი ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. დილანის თქმით, 7 წლის იყო, როდესაც 1992 წელს ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა. ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომლის შედეგადაც, 1993 წელს, ვუდი ალენს ბავშვთან მიახლოება აუკრძალეს.
კინორეჟისორის წინააღმდეგ ბრალდებებზე HBO-მ დოკუმენტური სერიალიც გადაიღო, რომელიც გასულ წელს გამოვიდა.