რუსი სპორტსმენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 6-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით ტაშკენტში უნდა გაიმართოს. რუსეთის ნაკრებში იმის იმედი ჰქონდათ, რომ წლევანდელი სეზონის მთავარ ტურნირზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობას შეძლებდნენ, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ამის თანხმობა რუსებს არ მისცა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ და მათ ძიუდოისტებმა გამოაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსი სპორტსმენები თუნდაც ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ტურნირში, უკრაინა აღნიშნულ შეჯიბრს ბოიკოტს გამოუცხადებს.
გარდა ამისა, უეფა-მ დაადასტურა, რომ რუსეთი არ იქნება დაშვებული ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრაზე, რომელიც 9 ოქტომბერს ფრანქფურტში გაიმართება. შესაბამისად, რუსეთი ვერც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
უეფას განცადებით, არ შეცვლილა 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა რუსული კლუბი და ნაკრები ჩამოშორებულიყო ფიფა-სა და უეფა-ს ტურნირებიდან.
ცნობისთვის, ევრო 2024-ის ფინალური ეტაპი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება.