უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვა კახოვკაში ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები შეაჩერეს და სამხედრო ტექნიკის კოლონას დაარტყეს, რომელიც დნეპრის გადაკვეთისთვის ემზადებოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ მტრის წინააღმდეგ შვიდი დარტყმა განახორციელა, რომლის დროსაც ხერსონის ოლქში რუსების კუთვნილი “სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი განადგურდა, მურახივკას რაიონში, მიკოლაივის ოლქში კი ორი Orlan-10 ტიპის საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და ოკუპანტების მიერ საჰაერო დაზვერვის განხორციელების მცდელობები ჩაახშვეს.
„სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებმა 210-ზე მეტი საცეცხლე მისია განახორციელეს, მათ შორის ბერისლავის რაიონში მტრის სამეთაურო პუნქტზე, ძალებისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ტერიტორიაზე გავრილოვკასა და ჩერნობაევკას რაიონებში, დარიევსკის ხიდის გასწვრივ და ნოვა კახოვკას მახლობლად პონტონის გადასასვლელზე. ასევე ნოვა კახოვკაში საცეცხლე კონტროლმა შეაჩერა ხიდზე სარემონტო სამუშაოები და სამხედრო ტექნიკის კოლონას დაარტყა, რომელიც დნეპრზე გადასასვლელად ემზადებოდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამხრეთის სარდლობაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგი მოიცავს 151 სამხედრო მოსამსახურესა და 40-ზე მეტ ერთეულ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის: შვიდ ტანკს და 19 ჯავშანმანქანას, ოთხ ჰაუბიცას, ოთხ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს.