ევროზონის მაღალი ინფლაციის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებში პური რეკორდულად გაძვირდა. გაერთიანების სატისტიკის სამსახურის, Eurostat-ის ბოლო მონაცემებს „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
Eurostat-ი პურის გაძვირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ასახელებს, რამაც გლობალური მიწოდების ტრადიციული ჯაჭვების განადგურება გამოიწვია.
აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში პურის საშუალო ფასი 18%-ით მეტი იყო. პურის ფასის მატებით ყველაზე მეტად უნგრეთი, ლიეტუვა, ესტონეთი და სლოვაკეთი დაზარალდნენ. უნგრეთში პური წლის განმავლობაში 66%-ით, ლიეტუვაში 33%-ით, ხოლო ესტონეთსა და სლოვაკეთში 32-32%-ით გაძვირდა.
ყველაზე ნაკლებად პურის ფასის ზრდა საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში შეინიშნებოდა. საფრანგეთში ერთ წელში პური მხოლოდ 8%-ით, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში კი 10-10%-ით გაძვირდა.
Eurostat-ის აგვისტოს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ინდექსმა ევროზონაში, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, რეკორდულ 9,1%-ს მიაღწია.