უკრაინის ხერსონის ოლქის ე.წ. საზოგადოებრივმა საბჭომ რუსეთის მიერ დანიშნულ სეპარატისტ ლიდერს, ვლადიმერ სალდოს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარების ინიციატივით მიმართა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ინიციატივას სრულად დაუჭერს მხარს ხერსონის ოლქის მოსახლეობა და რუსეთთან შეერთება არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის ტრიუმფი გახდება, არამედ რეგიონის ტერიტორიასაც დაიცავს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის“, - აღნიშნულია მიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა გუშინ ე.წ. „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების საზოგადოებრივმა პალატებმა წარადგინეს და სეპარატისტ ხელმძღვანელებს, ლეონიდ პასეჩნიკსა და დენის პუშილინს მიმართეს.