რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებულმა სეპარატისტულმა რეგიონებმა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების მიზნით რეფერენდუმები რაც შეიძლება მალე უნდა ჩაატარონ. მისი თქმით, დონბასში რეფერენდუმების ჩატარება აუცილებელია არა მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებისა და სხვა გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლების სისტემატური დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვისაც. მისი მტკიცებით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთება ომის დინამიკას შეცვლის.