მკვლელობა და დაჭრა კიკეთში - პოლიციამ 54 წლის მამაკაცი დააკავა - Palitra News

მკვლელობა და დაჭრა კიკეთში - პოლიციამ 54 წლის მამაკაცი დააკავა

2022-09-18 11:00:52+04:00

სისხლიანი გარჩევა კიკეთში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 54 წლის მამაკაცმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ავტომატიდან გასროლით 6 პირი დაჭრა, რომელთაგანაც ერთი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობდნენ. რაც შეეხება დაკავებულის დაცხრილულ ავტომანქანას, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე იპოვნეს, გომელაურის უწყების განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციამ უნდა უპასუხოს კითხვას, როგორ მოხვდა ბრალდებულის ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, მაშინ როცა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე კიკეთის ტერიტორიაზე დააკავა. გამოძიება ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 54 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.