16, 17 და 18 სექტემბერს ჭიათურა სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალს Adventure 2022 უმასპინძლებს. ვიცნობთ როგორც მაღაროს ქალაქს, მანგანუმის მადნის საბადოდ, თუმცა ჭიათურა ამაზე გაცილებით მეტია. უძველესი არქეოლოგიურ-კულტურული ძეგლები, კარსტული მღვიმეები, ტაძრები და ციხე-სიმაგრეები — ჭიათურაში ყველაფერია იმისთვის, რომ ეს ქალაქი საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ზონად ჩამოყალიბდეს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჭიათურის სათავგადასავლო ფესტივალი — Adventure 2022, რომელიც კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს 3 დღის მანძილზე ჩაერთონ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში. ფესტივალი უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.