ჩოგბურთში დიდი ეპოქა სრულდება. როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულება დააანონსა. როგორც 41 წლის შვეიცარიელმა ლეგენდამ განაცხადა, ლეივერ თასზე ითამაშებს, რომელიც მის კარიერაში ATP-ის ბოლო ტურნირი იქნება. ფედერერის თქმით, მას სხეულმა მკაფიო მინიშნება მისცა, რის შემდეგაც კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
"მოგეხსენებათ, გასული სამი წლის განმავლობაში უამრავი ტრავმა და ოპერაცია გადავიტანე. ბევრი ვიმუშავე, რომ ფორმაში სრულად შევსულიყავი, მაგრამ ასევე ვიცი, რომ ჩემი სხეულის შესაძლებლობები შეზღუდულია და მისი გზავნილი ნათელია. 41 წლის ვარ, 1 500 თამაშზე მეტი ვითამაშე 24 წლის განმავლობაში. თუმცა, ახლა დადგა მომენტი, რომ გავაცნობიერო და ვთქვა, საკმარისია და დავასრულო ჩემი პროფესიული კარიერა. მომავალ კვირაში, ლონდონში Laver Cup ჩემი ბოლო ATP ტურნირი იქნება. მწარე გადაწყვეტილება იყო, რადგან მომენატრება ყველაფერი, რაც ჩოგბურთმა ამ წლების განმავლობაში მომცა. მაგრამ ამავე დროს, თავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. ჩოგბურთის თამაშის განსაკუთრებული ნიჭი მერგო და მისი გამოყენება იმ დონემდე მოვახერხე, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, დიდი ხნის განმავლობაშიც, იმაზე მეტად, ვიდრე მეგონა. დიდი მადლობა ყველას", - წერს ფედერერმი.
შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერმა კარიერაში დიდი სლემის ტურნირი 20-ჯერ მოიგო: 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 5-ჯერ აშშ-ს ღია პირველიბა, 8-ჯერ უიმბლდონი და ერთხელ როლან გაროსი.