ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე საქართველოს საფეხბურთი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. მან ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა, თუმცა მისი მხრიდან ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, ბუნებრივია, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი მატჩი გახლდათ.
„რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ მაკედონია ყველაზე ძლიერი მეტოქეა ჯგუფში. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვიქნები ერთი ან სამი ქულით. ბედნიერი ვიქნები, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ. არაჩვეულებრივი იყო ივნისის თამაშები და იგივეს ველოდები სექტემბერშიც. შეიძლება უფრო რთული და სკოპიეს მატჩისგან განსხვავებული თამაში იყოს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრის პირველ ტაიმში დაშვებული მცირე შეცდომები მომავალ კვირას უნდა გამოვასწოროთ“-განაცხადა სანიოლმა.
ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი 23 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თბილისში შედგება. 26 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად, გიბრალტარის წინააღმდეგ ითამაშებს.