არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე გარკვეული შეზღუდვები დადგინდება. ეს უკვე ასახულია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის სამუშაო ვარიანტში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.
დამკვირვებელი, რომელიც იდენტიფიცირებული და წარდგენილი იქნება კონკრეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ და გამოვლინდება, რომ ის ბოლო ორი საერთო თუ შუალედური არჩევნების დროს იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან სუბიექტის წარმომადგენელი, მოიხსნება რეგისტრაციიდან. “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის მიხედვით, პროპორციულ საარჩევნო სიებში წარსადგენ პირთა მინიმალური რაოდენობაც მცირდება.
როგორც “ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე განმარტავს, მომზადებული პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრთა კანდიდატთა სიის შემთხვევაში სულ მცირე 76 ადამიანი იქნება, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პროპორციული სიის შემთხვევაში - სრული რაოდენობის ნახევარი.
გივი მიქანაძის ინფორმაციით, პროექტში აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური ჯგუფების “გირჩისა“ და “მოქალაქეების“ თხოვნის საფუძველზე შევიდა.