NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერს ახალი ფოტოები გადაუღო. სურათებმა მეცნიერებს კიდევ უფრო მეტი ცნობა მისცა გიგანტი პლანეტის წიაღის შესახებ.
ორი ახალი სურათი ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელმა კამერამ (NIRCam) გადაიღო. პლანეტის დეტალებს მისი სამი, სპეციალიზებული ინფრაწითელი ფილტრის წყალობით ვხედავთ. გამომდინარე იქიდან, რომ ინფრაწითელი სინათლე ადამიანის თვალისთვის უხილავია, ეს სინათლე ხილულ სპექტრში გადაიყვანეს.
იუპიტერის გამოსახულება ვების მიერ გადაღებული რამდენიმე კომპოზიტური ფოტოსგან შედგება. ორივე პოლუსზე ჩანს ციალი. თეთრად მოჩანს დიდი წითელი ლაქა — სახელგანთქმული შტორმი, რომელშიც რამდენიმე დედამიწა მოთავსდებოდა. თეთრად ჩანს სხვა ღრუბლებიც, რადგან ისინი უფრო მეტ მზის სინათლეს ირეკლავენ.
უფრო ფართო კუთხის ხედში, იუპიტერი რგოლებთან ერთად მოჩანს, რომლებიც თავად პლანეტაზე მილიონჯერ უფრო მკრთალია; ასევე ჩანს ორი ციცქნა მთვარე — ამალთეა და ადრასთეა. დაბლა, უკანა ფონზე არსებული ბუნდოვანი ლაქები გალაქტიკებია.