დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში ყველა 1/4-ფინალისტის ვინაობა გაირკვა. მთავარი 1/8-ფინალური დაპირისპირება კი ბათუმში გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი წარსდგნენ.
უგოლო შეხვედრაში გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, რომლის მთავარი გმირი თბილისელთა სათადარიგო მეკარე ლუკა კუტალაძე გახდა. მან კარში ადგილი დავით კერესელიძის ტრავმის შემდეგ მიიღო. 21 წლის მეკარემ სერიაში სამი დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდი 1/4-ფინალში გაიყვანა.
"ბათუმი არენაზე" გამარჯვებულის გამოსავლენად 90 წუთი არასაკმარისი აღმოჩნდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გულშემატკივარმა გატანილი გოლი ვერც ძირითად დროში იხილა და ვერც დამატებულ ტაიმებში. შედეგად, წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.
11-მეტრიანი ნიშნულიდან კუტალაძემ ჯერ ვლადიმერ მამუჩაშვილს აუღო, შემდეგ კი - გუგა ფალავანდიშვილსა და გრიგოლ ჩაბრაძეს. თბილისელთაგან არაზუსტად მხოლოდ ულად-ომარ იმრანმა დაარტყა.
საქართველოს თასის გათამაშებაში დინამო თბილისთან ერთად ასპარეზობას გააგრძელენ: თბილისის საბურთალო, ქუთაისის ტორპედო, ქობულეთის შუქურა, გორის დილა, თბილისის ლოკომოტივი 2, რუსთავი და ლანჩხუთის გურია. 1/4-ფინალურ ეტაპზე გუნდები წილისყრის შედეგად დაწყვილდებიან.