მე-20 საუკუნის უდიდესმა ტენორმა ლუჩანო პავაროტიმ, რომელმაც არნახულ წარმატებას მიაღწია და სიცოცხლეშივე დაიმსახურა კლასიკოსის წოდება, პირველ რიგში ვოკალური ოსტატობის და ჟღერადობის სიმსუბუქის, სითამამისა და ნოვატორობის წყალობით გაითქვა სახელი, რადგან სწორედ „მაღალი დოს მეფედ“ წოდებულმა პავაროტიმ გაბედა პირველმა საოპერო ხელოვნების მასობრივ კულტურად ქცევა და კლასიკური ნაწარმოებებისგან ნამდვილი პოპ-ჰიტების შექმნა.
თაყვანისმცემლებს პავაროტი 2004 წელს დაემშვიდობა „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სცენიდან მარიო კავარადოსის როლით პუჩინის „ტოსკადან“. მაესტრომ წინასწარ განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. მართალია, ტენორის ხმა უფრო სუსტად ჟღერდა, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ დარბაზმა მაინც 11-წუთიანი ოვაციით გააცილა, პავაროტის უკანასკნელი გამოსვლა კი, 2006 წლის 10 თებერვალს შედგა ტურინში, XX ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, როცა სპორტული ღონისძიებებისთვის ტრადიციად ქცეული Nessun dorma შეასრულა პუჩინის „ტურანდოტიდან“.