ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ყოფილი სსრკ-ის სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა წლევანდელ ზაფხულს რუსეთში საქონლის მიწოდება გაზარდეს. ამის შესახებ РБК წერს.
საგენტოს Comtrade-ის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, საქართველომ მიმდინარე წლის ივლისში რუსეთის მიმართულებით ექსპორტი ივნისის 46,2 მლნ დოლარიდან 82,6 მლნ დოლარამდე გაზარდა. შედარებისთვის მოყვანილია გასული წლის ივლისის მონაცემი, როცა საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 59 მლნ დოლარს შეადგენდა.
РБК წერს, რომ წელს საქართველოდან ივლისის მიწოდების ძირითად წილს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები წარმოადგენდა, რამაც 39 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ რუსეთში ქვეყნიდან 23 მლნ დოლარის სასმელები გავიდა.
ორგანიზაცია „ოპორა როსიის“ პრეზიდიუმის წევრი და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი ნიკოლაი დუნაევი აცხადებს, რომ საქართველოდან ექსპორტის გაზრდაში დიდ როლს ე.წ. პარალელური იმპორტი თამაშობს, რაც მიწოდებას ორიგინალური მფლობელის თანხმობის გარეშე გულისხმობს.