თმაშიც მწვდა, რამდენიმე მეთოდით ძალადობა იყო. ბარგს რომ ალაგებდა, თან ბრუნდებოდა და თან მირტყამდა. ეს ძალადობა იმდენად დიდხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ძალიან მეშინოდა, - ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების შეფასებისას განაცხადა.
რაც შეეხება თვითონ ვიდეოს შინაარსს, როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტი მათ შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო. მისი თქმით, ჩანაწერი 2018 წლითაა დათარიღებული.
"გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა, ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ. როდესაც თვითონ ამ ჩანთის აღება უჭირს, თან მეუბნება, “შე ნაბიჭვაროო“, შემდეგ მირტყამს და სხეულით მეცემა“, - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.
აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ისმის ნეკა დოროყაშვილის ხმაც, რომელიც მის მეუღლეს მიმართავს.
"გამაგებინე, რატომ მირტყამ. გაეთრიე თუ არ გინდა, მომშორდი საერთოდ, რაში მჭირდები. გული გამისკდა ნერვიულობით, საერთოდ რა ღირსი ხარ ცრემლებს ვღვრიდე“, - მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს ვიდეოჩანაწერში.
"ძალადობების შემდეგ ნიკოლოზი შედიოდა საპირფარეშოში და რთავდა მაღალ ხმაზე მუსიკას, განსაკუთრებით მაშინ თუ შემამჩნევდა, რომ ვტიროდი და ვიყავი ძალიან ცუდად. მაჩვენებდა, რომ მას კი არ ვეცოდებოდი, არამედ ფიზიკური ძალადობის შემდეგ გადადიოდა ფსიქიკურ ძალადობაზეც, - თქვა დოროყაშვილმა.
ნეკა დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი ასე იმიტომ იქცეოდა, რომ სურდა მას თავი მოეკლა.
"ბოლო პერიოდში მქონდა განცდა, ამას ხომ არ აკეთებდა იმიტომ, რომ ჩემით მომეკლა თავი. სურდა ცუდ მდგომარეობაში მომესმინა ეს მუსიკა და შევშლილიყავი. ამ დროს ყოველთვის მახსენდებოდა ჩემი შვილი. მეძახდნენ გიჟი ხარო, უფრო თავისუფლად იტყოდნენ გიჟი იყო და თავი მოიკლაო”, - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.