საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, ამიტომაც მიზანშეწონილია განაკვეთი გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდეს.
ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. თუმცა, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ბრენტის ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება შემცირებას განაგრძობს - ვკითხულობთ სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რაც შეეხება ეკონომიკურ აქტივობას, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 % შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ტურისტული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა ძლიერია შიდა მოთხოვნაც, რაც ინფლაციის უფრო სწრაფ შემცირებას აფერხებს.
"საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცახდებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.