საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კვლავ იტალიური „ვირტუს ბოლონიას“ ღირსებას დაიცავს. 30 წლის ფორვარდმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულია პუნქტი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით, 2025 წლამდე გახანგრძლივების შესახებ.
"თოკო, რომელიც ვირტუსს გასული სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა, უმალ იქცა გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ და წამყვანი როლი შეასრულა 2021/22 წლების ევროთასის მოგებასა და ევროლიგაში 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებაში", - წერს იტალიური კლუბის ოფიციალური საიტი.
შენგელია ამჟამად ტრავმას იშუშებს, რომელიც საქართველოს ნაკრებში გამოსვლისას მიიღო. კალათბურთელმა აგვისტოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ნიდერლანდებთან მხარი იტკინა და ამის გამო ევრობასკეტიც გამოტოვა. შენგელიას ოპერაცია აღარ დასჭირდა, მოედანს კი სავარაუდოდ, ნოემბერში დაუბრუნდება.