2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 132 900-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 281 200 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 8%-ით ნაკლებია 2021 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემზე.
საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, ვიზიტების უმრავლესობა 50% განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ამასთან, 2022 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 208.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 2.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.3 პროცენტით და 162.9 ლარს უტოლდება.