დამუქებულმინებიანი ავტომობილით მოძრაობაზე ჯარიმა 10-ჯერ იზრდება - Palitra News

დამუქებულმინებიანი ავტომობილით მოძრაობაზე ჯარიმა 10-ჯერ იზრდება

2022-09-13 08:00:09+04:00

დამუქებულმინებიანი ავტომობილით მოძრაობაზე ჯარიმა 10-ჯერ იზრდება. აღნიშულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

ცვლილებით, დამუქებული მინებისა ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება - სანქციის სახედ 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა შემოდის. მაშინ როცა აქამდე მოქმედი რედაქციით, ჯარიმა - 50 ლარს შეადგენდა.

ამასთან, იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარი იქნება. გარდა ამისა, აღნიშნული ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება, რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარიან ჯარიმას, ასევე 1 000 ლარი გახდება.