ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდსს შეხვდა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გიორგი ხანიშვილის განცხადებით, შეხვედრის უმთავრესი პოლიტიკური მსჯელობის საგანი ევროკავშირის რეგულაციების შესრულების დინამიკა იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
გიორგი ხანიშვილმა ქალაქ რიგაში, 8-10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD-2022, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოფენები ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას ხელს უწყობს.