მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, დღეს სამარშრუტო ქსელი ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ სრულად არის მითვისებული, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასევე ხორციელდება სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანები. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ ავტოსადგურების ნაცვლად მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.
ამასთან, სამთავრობო გეგმაში ნათქვამია, რომ ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.სწორედ აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ავტოსადგურების სერტიფიცირებას, მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებას.