ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
„ნაპოლიმ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელია კი ტურნირზე თავის სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
დებიუტში ანგარიში ჟილინსკიმ პენალტით გახსნა. მე-18 წუთზე ოსიმენმა თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შემდეგ კვარაცხელიას პასი გაუკეთა და მისი დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ვან დეიკმა გამოიტანა.
მალე ნეაპოლელებმა მეორე გაიტანეს - ხვიჩამ ბურთი გომესს აართვა, პასი ზამბო ანგისას გაუკეთა, რომელმაც ჟელინსკისთან კედელი გაითამაშა და ალისონის კარი მარტივად აიღო.44-ე წუთზე ხვიჩამ ფლანგზე ალექსანდერ-არნოლდს შემოურბინა, შემდეგ ჯო გომესი ფიზიკურ ორთაბრძოლაში დაჯაბნა და ტრავმირებული ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულ ჯოვანი სიმეონეს „ნაპოლიში“ სადებიუტო გოლი გაატანინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჟელინსკიმ დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც ლივერპულის შემტევმა, დიასმა ანგარიში შეამცირა. 57-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ალესიო ძერბინი გამოვიდა. ქართველის არყოფნაში ნეაპოლელთა შეტევები ნაკლებად აგრესიული გახდა, თუმცა სპალეტის შეგირდებმა უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს და საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა.
შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ნაპოლი“ გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.