ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ჯოან როულინგის, ახალი წიგნი The Ink Black Heart, რომელიც რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით გამოიცა, კვლავაც ბესტსელერი გახდა. თუმცა, დეტექტიურმა რომანმა, რომელიც კორმორან სტრაიქის სერიის მეექვსე ნაწილია, მანამდე საზოგადოებაში ისევ დავა გამოიწვია.30 აგვისტოს გამოცემულმა წიგნმა მალევე მიიქცია მკითხველებისა და მიმომხილველების ყურადღება; როგორც გამოცემები წერდნენ, რომანის მთავარი პერსონაჟი იუთუბერია, რომელსაც ტრანსფობიური განცხადებების გამო ბოიკოტს უცხადებენ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ 1000-გვერდიანი წიგნის სიუჟეტი თავად ავტორის გამოცდილებას ეხმაურება — როულინგი ბოლო წლებში არაერთხელ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში, რასაც კრიტიკის ქარცეცხლიც მოჰყვა.ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ The Ink Black Heart გაერთიანებულ სამეფოში #1 ბესტსელერად იქცა. გამოცემიდან პირველ კვირაში რომანის 50 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რითაც წიგნი წელს პირველი მხატვრული მაგარყდიანი გამოცემა გახდა, რომელიც ბესტსელერების სიის სათავეში აღმოჩნდა.სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა როულინგის დეტექტიური რომანი ავტორისეულ გამოცდილებასთან დააკავშირეს. კორმორან სტრაიქის წინა წიგნი, რომელიც 2020 წელს გამოიცა, ასევე გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან მასში მთავარი ბოროტმოქმედი "ქალად გადაცმული კაცია". მკითხველების აზრით, ნაწარმოების ეს დეტალი თავად ჯოან როულინგის ტრანსფობიური შეხედულებების გამოძახილი იყო. თუმცა, მაშინაც ეს წიგნი ბესტსელერად იქცა.