ტაქსის მძღოლებისთვის კანონი იცლება - ნახეთ, რა წერია კანონპროექტში - Palitra News

ტაქსის მძღოლებისთვის კანონი იცლება - ნახეთ, რა წერია კანონპროექტში

2022-09-07 13:14:00+04:00

ტაქსის მძღოლებისთვის კანონი იცვლება. პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღო.

აღნიშნული კანონით, ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას იმოძრაონ ან გაჩერდნენ.

კანონპროექტი ადგენს, რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.

ამასთან, კიდევ ერთი სიახლე - გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტი 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს. სამთავრობო გეგმის მიხედვით, თავდაპირველად, კონტროლი უნდა დაიწყოს მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველობა გადააჭარბებს დადგენილ ნორმას.