საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღებული პერსპექტივა და სტატუსის მისანიჭებლად გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების განხილვა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა და ეს საკითხი მოგვარებას საჭიროებს, სწორედ ამიტომ, მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს არსებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისთვის. თუმცა, პრემიერის თქმით, პროცესში მსგავსი ჩართულობა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც აუცილებელია.
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერშიც“ გამოეხმაურა.