2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7 პროცენტით განისაზღვრა.
იმ ტოპ-10 პროდუქტს/მომსახურებას შორის, რომელიც აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ლიდერობს: სანოტარო გადასახდელი, ფასის 95,6%-იანი მატებით, მას მოსდევს სიმინდის ფქვილი - 76,6%-იანი გაძვირებით; მე-3 ადგილზეა - ასლის გადაღება, რომლის ფასიც შესაბამისად - 51,1%-ით არის გაზრდილი; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მარგარინი და დიზელის საწვავი იკავებს, ფასის შესაბამისად, 46% და 45%-იანი მატებით.
გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: სარეცხი საპონი, ვაფლი კრემით, ხორბლის ფქვილი, ქალის ზამთრის პალტო და მანდარინი.