ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდული ტემპით უფასურდება და ამჟამად 20-წლიან მინიმალურ ნიშნულს აღწევს. მიმდინარე მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ერთი ევროს სანაცვლოდ ერთ დოლარზე ნაკლების შეძენაა შესაძლებელი, მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია კი გრძელდება.
ევროპის მასშტაბით მიმდინარე მწვავე ეკონომიკური კრიზისისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნის ფონზე, ინვესტორებსა და ტრეიდერებს ევროკავშირის ეკონომიკის მიმართ პროგნოზები უუარესდებათ, რაც, თავის მხრივ, ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურ ასახვას პოვებს.
როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი დაბალია, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება კი - არასტაბილური.
მართალია, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით უკვე გაზარდა, თუმცა აღნიშნული გამკაცრების ტემპი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება აშშ-ის ფედერალური რეზერვის ტემპს, რაც ამერიკულ დოლარს ინვესტორთათვის უფრო მიმზიდველად აქცევს, ვიდრე ევროს. FED-ის კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე კი რეფინანსირების განაკვეთი, სავარაუდოდ, დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაიზრდება.