403-დღიანი პაუზის შემდეგ ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოქროს მედლით დაბრუნდა! ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრიის ქალაქ ობერვარტში, ევროპის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. მან ოთხი შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა.
ლაშა პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა მე-2 წრიდან დაიწყო, სადაც მონტენეგროელი ნოვო რაიჩევიჩი დაამარცხა, შემდეგ უნგრელ როლანდ გოშს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილს მოუგო. ფინალში ბექაურს დაპირისპირება კიდევ ერთ ავსტრიელ, ვაჩიდ ბორჩაშვილთან მოუწია, ისიც იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო.
როგორც მოგეხსენებათ, ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ტრავმას მკურნალობდა და მას მერე ტურნირზე პირველად გამოვიდა. ბექაურის გარდა 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ახალკაცმაც. გიორგი თუთაშვილის ანგარიშზე კი ბრინჯაოს მედალია.