საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მესამე სათამაშო დღეს თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 88:83 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა.
გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. იყო ჩხუბიც, რის გამოც მსაჯებმა დუდა სანაძე და კორკმაზი მოედნიან გააძევეს, ბოლოს კი მეტოქის მწვრთნელი ატამანიც, რომელსაც ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და ერთ-ერთ მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ძირითადი დრო 68-68 დასრულდა.
გამარჯვებულის გამოსავლენად არც პირველი ოვერტაიმი აღმოჩნდა საკმარისი. მეორე დამატებულ ხუთწუთეულში კი სანდრო მამუკელაშვილის ლიდერობით ბიჭებმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგეს და ჯგუფური ეტაპიდან გასვლის რეალური შანსი შევინიარჩუნეთ.
ქართველთა მხრიდან საუკეთესო მილუოკი ბაქსის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით - ორმაგი დუბლი შეასრულა. თად მაკფადენის ანგარიშზე 17 ქულაა, ხოლო შერმადინისა და ანდრონიკაშვილის - 15-15.
თურქეთის ნაკრებიდან გამორჩეული ჰიუსტონ როქეთსის ახალგაზრდა ცენტრი ალფერენ შენგუნი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა და 9 მოხსნა შესძინა. საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის A ჯგუფში, მე-5 ადგილზე იმყოფება. ილიას ზუროსის გუნდი მორიგ შეხვედრას 6 სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ, 21:00 საათზე გამართავს.
თურქეთი მე-2 ადგილს იკავებს და სამშაბათს ბელგიას დაუპირისპირდება.