14:47
18 ნოემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩემი კითხვა
"2018 წელს ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება" - ზურაბ ალავიძე პროექტებზე, რომელიც მოსახლეობის კომფორტისთვის მიმდინარეობს
16-06-2017

2018 წელს ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” ქუთაისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, ქუთაისის წყალმომარაგების სამუშაოები ორი ფაზის ფარგლებში გაკეთდა, საიდანაც ერთი ფაზა დაახლოებით, 2012 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა.

„მეორე ფაზა, ახლა რაც მიმდინარეობს, 2015 წელსაა დაწყებული. პირველი ფაზით 14 000-მა აბონენტმა მიიღო წყალმომარაგება. მეორე ფაზას როგორც კი დავასრულებთ, 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება ქუთაისს“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მისივე თქმით, მომდევნო წლის პირველ ნახევარში აღნიშნული პროექტი აუცილებლად დასრულდება.

„ამასთან, ქუთაისს გაზრდილ წყამომარაგებასთან ერთად აუცილებლად სჭირდება ახალი საკანალიზაციო ქსელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ პრობლემებს მივიღებთ. 2018 წლის დასაწყისში ვაცხადებთ მთელი ქუთაისის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. ეს ძალიან დიდი პროექტია. საპროექტო ღირებულება, დაახლოებით, 100 მილიონ ევროს შეადგენს. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავაგოთ გადათხრილი გზები, თუმცა ორჯერ, ალბათ, ვერ გავაკეთებთ და გარკვეული პერიოდი გარკვეულ მონაკვეთებზე სამწუხაროდ, ცოტა დისკომფორტი იქნება, თუმცა სხვანაირად არ გამოდის. როცა მოვრჩებით აღნიშნულ სამუშაოებს, ქუთაისი ამ ინფრასტრუქტურის მიმართულებით თავიდან ბოლომდე გამართული იქნება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სრული დატვირთვით ვმუშაობთ და შეფერხებები არ გვექნება. კონტრაქტორებთან ერთად, ვინც გვეყოლება, აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მაქსიმალურად დროზე და შეძლებისდაგვარად კომფორტულად გავაკეთოთ ის სამუშაოები, რომ მოსახლეობას ნაკლები პრობლემები შევუქმნათ“, - განაცხადა ალავიძემ. 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები