რუსთავის მერიამ ქალაქის სასმელი წყლით მომარაგების სფეროში შექმნილი პრობლემების გამო სემეკს მიმართა. რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით,რუსთავის მერიამ ქალაქის წყლით მომარაგებაზე პასუხისმგებელ კომპანია ,,რუსთავის წყალს" არაერთხელ მიმართა და შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების გეგმა მოსთხოვა. როგორც რუსთავის მერი აცხადებს, ბოლო პერიოდში ქალაქში სასმელი წყლის ხშირი შეწყვეტა, მოსახლეობის სამართლიან პროტესტს იწვევს და მიუხედავად იმისა, რომ რუსთავს წყლით კერძო კომპანია ამარაგებს მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მოსახლეობის ინტერესები დაიცვას. რუსთაველები ამბობენ, რომ წყლის მიწოდების შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობონებები ხშირ შემთხვევაში ან დაგვიანებით, ან საერთოდ არ მისდით. წყალი რუსთაველებს დღესაც არ მიეწოდებათ. ოფიციალური წერილი რუსთავის მერიიდან სემეკში უკვე გაიგზავნა.