აკროპოლისის თასზე გამართულ პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 88:101 დამარცხდა.
მატჩი 10 წუთის დაგვიანებით ათენში საცობების გამო დაიწყო. საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, განსაკუთრებით კი ეს მამუკელაშვილზე ითქმის. საქართველო 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი ანგარიშით 24:18 მოიგო.
მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.
დიდი შესვენების შემდეგ უფრო ქაოტური თამაში წავიდა, თურქებმა ოსმანის ძალისხმევით 11 ქულით გაქცევა მოახერხეს, ჩვენი გუნდი მეოთხე მეოთხედშიც უშვებდა დაცვაში შეცდომებს და საბოლოოდ დამარცხდა.
შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16, რასაც 14 მოხსნა ემატება, მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ოსმანი იყო, კორკმაზმა ქულა 18 მიითვალა, შენგუნმა კი 17 ქულა ჩაგვიგდო.
ცნობისთვის, შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.