გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა – ლიგა 2-ის მე-3 ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, „მეცმა“ „ვალანსიენს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 მოიგო. გიორგი მიქაუტაძე კვლავ „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 89 წუთი ათამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 86-ე წუთზე ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – მიქაუტაძემ ორი მცველი ეფექტურად ჩამოიცილა, მეკარე ბურთს კი შესწვდა, მაგრამ გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა.
3 ტურის შემდეგ „მეცმა“ 6 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძემ კი 3 ტურში 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა დააგროვა და 5 მოთამაშესთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს. გარდა ამისა, ქართველი თავდამსხმელი სამ ტურში ორჯერ გუნდის ფანებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ცნობისთვის, „მეცი“ შემდეგ შეხვედრას 20 აგვისტოს, "ლავალოისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯამში 11 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.