სერია A-ს პირველ ტურში ნაპოლის შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ ადგილობრივ მედიასთან ქართველ ფეხბურთელზე კომენტარიმთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ კვარას ბევრად უკეთ თამაში შეუძლია.
"კვარაცხელიამ რამდენიმე მომენტში აჩვენა როგორი სიმსუბუქით თამაში შეუძლია, რაც ჩვენი გუნდისთვის შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს. შესანიშნავი ტექნიკა აქვს. ბევრად უკეთ თამაში შეუძლია, ვიდრე დღეს გამოუვიდა, ცოტა გაუჭირდა პერსონალური მეურვეობის გამო, მაგრამ კარგად ითამაშა, ლამაზი გოლი გაიტანა თავით, რაც მისი მთავარი თვისება არაა. იმიტომ შევცვალე, რომ კუნთების ოდნავი დაჭიმულობა ჰქონდა, მაგრამ ნაპოლიში დებიუტი ასეთია. ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება", - აღნიშნა სპალეტიმ. შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრას 21 აგვისტოს, "სტადიო მარადონაზე" მონცას წინააღმდეგ გამართავს. კვარაცხელიას აქამდე ნეაპოლში არ უთამაშია, ამდენად, მას დებიუტი უკვე საშინაო არენაზე ექნება.