შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა 21 წლის ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას, იტალიის სერია ა-ში. კვარამ თავისი პირველი ოფიციალური მატჩში ნაპოლის მაისურით სტუმრად, ვერონას წინააღმდეგ ითამაშა და მის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, ოსიმენმა ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, ანგისას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლები ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას დაწინაურდნენ. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, ჯერ კარს ბურთი ოდნავ ააცილა, შემდეგ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, 37-ე წუთზე კი შესანიშნავი თავურით ანგარიში გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში კვარას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება დი ლორენცომ შეუცვალა და ოსიმენმა ნეაპოლელები წინ გაიყვანა. შესვენების შემდეგ „ვერონამ“ ანგარიში ისევ გაათანაბრა. 55-ე წუთზე ნაპოლის სწრაფი კონტრეშეტევა ხვიჩას საგოლე პასით და პიოტრ ჟელინსკის გოლით დაგვირგვინდა, სტუმრები ისევ წინ გავიდნენ - 2:3. 65-ე წუთზე ლობოტკამ ნაპოლის მე-4 გოლი გაიტანა. 68-ე წუთზე სპალეტიმ პირველი ცვლილება განახორციელა, ხვიჩას ნაცვლად მოედანზე ელიფ ელმასი შევიდა. მეხუთე გოლი შეცვლაზე შესულმა მატეო პოლიტანომ შეაგდო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ნაპოლი სერია ა-ს მეორე მატჩს, 21 აგვისტოს, შინ, „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს.